ძიება ბლოგზე

Thursday, June 14, 2012

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია



ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაhttp://eparchy-batumi.ge

(ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (დავით, ნოდარ შიოლაშვილი)
დაბ. - 16.02.1961, მცხეთა;
1979-1982 - მცხეთის სასულიერო სემინარია;
1982-1986 - მოსკოვის სასულიერო აკადემია;
თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
28.07.1985 - დიაკონი;
12.01.1986 - მღვდლად კურთხევა;
1987-1988 - ალავერდის მონასტერში;
1988-1989 - ანჩისხატის ეკლესიაში;
13.05.1989 - დეკანოზი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი;
14.10.1991 - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი;
14.09.1993 - წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის რექტორი. ბათუმი;
25.10.1996 - ბერად აღკვეცა;
26.10.1996 - არქიმანდრიტი;
08.11.1996 - ეპისკოპოსი;
2003 - მთავარეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა.

ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. ეპარქიის საზღვარი სამხრეთის მხრიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან კი - შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული არსიანისა და მესხეთის ქედები, მდინარეების - ნატანებისა და კინტიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის
საკათედრო ტაძარი
აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა.
საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გარვრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს. სხალთაში პირველი ქრისტიანული თემისთვის ეკლესიის დაფუძნებისა და საეკლესიო წესწყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, წმიდა მოციქული ანდრია სოსანგეთსა (აწყური) და საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორიებზე აარსებს ეკლესიებს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სხალთის მიდამოები და მთლიანად აჭარა IV საუკუნეში მეფე მირდატ III-ის მიერ შექმნილ თუხრელის სამწყსოში ერთიანდებოდა. ეპარქია V ს. 60-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთის ქვეყანაში დაარსებული და მომძლავრებული ახიზის ეპარქიის გავლენის ქვეშ მოექცა. ქართლის სამეფოს უძველესი პროვინცია, სხვადასხცა ეპოქაში მომხდურთა მძლავრობისაგან ხშირად დამპყრობთა გავლენის ქვეშ ექცეოდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმის ეპარქიას, რომელსაც ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსო ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, რომლის ფარგლებშიც წინათ ათამდე საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1995 წ. 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა ორი - შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიები.
1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).
2006 წლის 21 დეკემბერს წმ.სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია.
ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას მართავს მიტროპოლიტი დიმიტრი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია



ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია

(ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი)

მთავარეპისკოპოსი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე)
დაბ. - 11.04.1967, სიღნაღი;
1984 - თელავის მე-4 საშ. სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არიქმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წ. - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიანარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

საფარა
ახალციხის, ტაო-კლაერჯთისა და ლაზეთის ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია ნომინალურად აერთიანებს უძველეს ქართულ პროვინციებს - ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმაა მოქცეული. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი გადის თურქეთთან.საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ  ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს.
იშხანი
XX ს-ის 20-იანი წლებიდან, გასაგებ მიზეზთა გამო, მთელი 70 წლის მანძილზე ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრება მეტად მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. ამ პერიოდს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა, რომელიც იმჟამად ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ თითქმის მთელ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა.
1978 წელს, ახლად აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე დაინიშნა, შემდეგ ეპარქიას მწყსიდა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაიყო და მისგან ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ორი ეპარქია. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე).
ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ  ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.
სამრევლო ეკლესიები:
  1. ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარი (წინამძღვრის მოადგილე - იღუმენი ლუკა კონჩაკოვი)
  2. ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი სტეფანე (ნადირაძე)
  3. ვალის ესტატე მცხეთელის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი სტეფანე (ნადირაძე)
  4. ვალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი სტეფანე (ნადირაძე)
  5. აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი იოანე (გელაშვილი)
  6. საყუნეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი იოანე (გელაშვილი)
  7. ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი იოანე (გელაშვილი)
  8. მესხის სამების სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)
  9. წნისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)
  10. ჭობარეთის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)
  11. ანდრიაწმინდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი არსენი (ასანიძე)
  12. ასპინძის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი ზოსიმე (კაცაძე)
  13. საროს მთავარანგელოზთა სახელობსი ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი ზოსიმე (კაცაძე)
  14. ხერთვისის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)
  15. ადიგენის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე)
  16. აბასთუმნის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)
  17. უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - დეკანოზი ტიმოთე (ჩილაშვილი)
  18. ბოლაჯურის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე)
  19. წახანის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, წინამძღვარი - მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)
მონასტრები:
  1. საფარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი არსენი (ასანიძე)
  2. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)
  3. ჭულევის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი - იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე)
  4. ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე)
  5. აბასთუმნის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, წინამძღვარი - მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)
  6. ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი - არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)
  7. აბასთუმნის წმ. პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი - მონაზონი ბარბარე (გრიგალაშვილი)
  8. ახალციხის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი - მონაზონი პარასკევა (ელბაქიძე)
  9. ახალციხის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი - მონაზონი ნატალია (ქაფიანიძე)
მშენებარე ტაძრები:
  1. ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი
  2. წნისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი
  3. ენთელის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი
  4. ვარხნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი
საფარის მონასტერში მოქმედებს ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია.
   რექტორი: მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე)
   პრორექტორი: იღუმენი დავითი (გვრიტიშვილი)
წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის საზოგადოება; დაარსებულია ეპარქიისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის მიერ.
   თავმჯდომარე: მთავარეპისკოპოსი თეოდორე
   თანათავმჯდომარე: პროფ. მერაბ ბერიძე
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია



ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია

(ქ. ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (პაატა ფაჩუაშვილი)
დაბ. - 10.02.1961, თბილისი;
1985 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1992 - თბილისის სასულიერო აკადემია;
30.09.1990 - დიაკონი;
1991 - მღვდლად კურთხევა;
1991-1996 - დეკანოზი მეტეხის ტაძრისა;
24.03.1996 - ბერად აღკვეცა;
25.03.1996 - არქიმანდრიტი;
29.03.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1997 - ცაგერ-სვანეთის ეპისკოპოსი;
1997-1998 - ახალციხის ეპისკოპოსი;
1998-2002 - ბოდბელი ეპისკოპოსი;
2002 - მთავარეპისკოპოსი ახალქალაქისა.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში მდებარეობს. სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება  დმანისის, მანგლისისა და წალკის, ჩრდილოეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები, ხოლო სამხრეთიდან თურქეთისა და სომხეთის სახელმწიფოები.
კუმურდო
ჯავახეთი, როგორც სახელმწიფოებრივი ნიშნის მქონე ქვეყანა, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, VIII ს-ის ლურსმულ წერილობით ძეგლებში იხსენიება.
უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი მძლავრი საერისთავო იყო.
ეს კუთხე თავიდანვე იმ გზისგასაყარზე აღმოჩნდა, საიდანაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში. წმიდა მოციქულთა ქადაგების შემდეგ ამ მხარეში პირველქრისტიანთა თემები აღმოცენდა. მოგვიანებით, IV ს. დასაწყისში, ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ საქართველოში შემოსვლისას გზად აქ გამოიარა.
XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა აღდგენისა და განახლების შესაბამისად, 1995 წელს აღდგა ისტორიული კუმურდოს ეპარქიის უშუალო მემკვიდრე ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიის სახელწოდებით.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ჩამოუყალიბდა ორი სამღვდელმთავრო სამწყსო - ბორჯომისა და ბაკურიანის, და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმთავრად წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006

სამთავისისა და გორის ეპარქია



სამთავისისა და გორის ეპარქია

(ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები)

ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა)
დაბ. - 24.04.1969. სოხუმი
1988 - სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი
1995 - ბერად აღკვეცა
17.09.1996 - დიაკონი
13.12.1996 - მღვდლად კურთხევა
1997 - იღუმენი
1997-1998 - წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი
18.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
1998-2002 - საგარეჯოს ეპისკოპოსი
2002 - ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა

სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს - გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამთღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, სამხრეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები.
სამთავის-გორის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების გორისა და კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს.
ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრების ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშნველოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა. VIII ს. 30-იან წლებში ქალაქი კასპი მურვან ყრუმ დაარბია და აქ საბოლოოდ ჩაკვდა ცხოვრება. „იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განახლებულ-გაშენებულ, სამეფო ქალაქად მიჩნეულ გორს XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ბატონობისაგან დასუსტებულ ქვეყანა ვეღარ იცავდა და ჩრდილო კავკასიიდან შემოსეულ ოსთა სამკვიდრო გახდა. მათ ქალაქი გადაწვეს, ციხე დაანგრიეს და კარგა ხნითაც დამკვიდრდნენ აქ. ოსები მხოლოდ XIV ს-ის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ განდევნა.
სამთავისის საკათედრო ტაძარი
გოგა ჩანადირის ფოტო
XV ს-ში, 1477 წელს, აყ-ყოიუნლეს შაჰმა უზუნ-ჰასანმა გორი თბილისთან ერთად აიღო, მაგრამ 1479 წ. კონსტანტინე II დაიბრუნა და თავისი მეციხოვნეებით გაამაგრა. 1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფე ალექსანდრე II დაუპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X 1510 წ. დაიბრუნა. მე-16 საუკუნეში, 1559 წ. ლუარსაბ I მთავარი დასაყრდენი - გორი ხელთ იგდო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში მას ქალაქი ოსმალებმა წაართვეს და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1599 წ. სვიმონ I მოულოდნელად დაესხა ქალაქს და გაათავისუფლა. 1614 წ. საქართველოს შემოსეული შაჰ-აბას I გორში დაბანაკდა და აქედან განაგებდა მთელ ქართლს. ამ კუთხის მნიშნველობა კარგად შეაფასა როსტომ ხანმაც. მან XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და აქვე აიშენა სასახლეც. ვახტანგ VI-ის დროს იგი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო, რის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. ვახტანგმა ირანში გამგზავრებისას თავის ძმას, სვიმონს, ქალაქი გორი რეზიდენციად მიუჩინა. XVII ს. II ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, 1723-1734 წწ. ქალაქი ოსმალების ხელში იყო და მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წ. კი გორს სპარსელები დაეპატრონენ. ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის მთლიანად დაანგრიეს, მაგრამ 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, ქალაქი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა და თბილისის შემდეგ ქვეყნის მეორე ქალაქი გახდა. XVIII ს. მეორე ნახევარში მისი დაკავება სურდა რუსის ჯარს, ტოტლებენის სარდლობით. ერეკლე მეფე კარგა ხანს იმყოფებოდა გორში. მოგვიანებით აქ გაჩენილი სახადის გამო ერეკლე ქალაქს გაშორდა. XIX-XX საუკუნეებში აღდგენილი ქალაქი 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. საერო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებთან ერთად მრავალი ძველი ტაძარიც დაზიანდა. უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისთვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა ეპისკოპოსთა იურისდიქციაში შედიოდა. 1995 წ. რუის-ურბნისის ეპარქიას გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია.
ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა.
საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, „...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი“ (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - „ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა „ქალაქსა სამთავისისასა“. სამთავისის ეპისკოპოსი იყო „მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა“. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა.
გორის საკათედრო ტაძარი
დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთვრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მე-19 საუკუნის დამდეგს იგი მხოლოდ 17 სოფელს მოიცავდა. 1803 წ. წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს. მალე წილკან-სამთავისის განვრცობილი ტერიტორია ნიქოზელი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში გადავიდა. ბოლო წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო, რომელიც 1827 წელს გარდაიცვალა. 1811 წლისათვის სამთავისის ეპარქიაში მხოლოდ 44 ეკლესია შედიოდა, მალე კი სამთავისის ეპარქია საერთოდ გაუქმდა. მე-19 საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართლის ერთ სამღვდელმთავრო სამწყსოდ გაერთიანებული ეპარქიის შემადგენლობაში სამთავისიც შედიოდა.
სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმიდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის მონიშნულ გზას აგრძელებდნენ.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღამსკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით.
უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო „სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემლისა“; არბას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: „დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი“. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება „ესტატეწმინდა“, დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი.
უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა.
რელიგიურ-ისტორიული გაზეთი „აღსავალი“ № 6, 2004 წ.

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია



რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

(ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი)

ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)

 რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს: რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია უძველესი ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების - მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო დასაველთიდან მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება „ეკლესიათა მშენებლობა, IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია „ეკლესიისა საფუძველი“. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია.
1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი.
ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია



ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია

(ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი ისაია (ზურაბ ჭანტურია)
დაბ. 1961 წ. ზუგდიდი;
თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი;
1993 - ბერად აღკვეცა;
1994 - მღვდლად კურთხევა. მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი;
07.04.1995 - ეპისკოპოსად კურთხევა;
1995-1996 - საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე
2000 - მთავარეპისკოპოსი.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია შიდა ქართლში, მდინარე ლიახვის აუზში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ცხინვალს, ახალგორს, ჯავას, ზნაურსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება წილკნისა და დუშეთის, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიები, დასავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის, ჩრდილო-დასავლეთიდან - ნიკორწმინდის, სამხრეთიდან - ურბნის-რუისისა და სამთავის-გორის ეპარქიები, ჩრდილოეთ მხარეს იგი კავკასიონის ცენტრალურ ქედს ებჯინება. შორეული ტრადიცია ნიქოზის ეპარქიის დაარსებას წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. ვახტანგ მეფემ საეკლესიო რეფორმის შედეგად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსო დააფუძნა. შემდეგ კი „ლიახუს გაღმა, ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი აღაშენა. გორგასალ ჰყო საეპისკოპოსოდ და დასუა ეპისკოპოზი“.
ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსო ძალზე ვრცელი იყო. იგი არა მარტო ქართლის, ისტორიული შიდა სოფლის, ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა, არამედ გარკვეულ დროს, „კავკასიანთა, დუალთა და აწ ოსეთად (ჩდ. ოსეთი) წოდებულისა“ საკმაოდ მოზრდილ მთის რეგიონსაც ფლობდა.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად, სამწყსოსთან მისასვლელი გზაც მღვდელმთავრის იურისდიქციაში შედიოდა და ამდენად, მთის რაჭის სოფლები „გლოლა-ღებითურთ“ და მდინარე რიონის ზემო წელის აუზის მოსახლეობა სრულად ნიქოზელს ექვემდებარებოდა. მის მორჩილებაში იყო აგრეთვე „ნიქოზის ჩრდილოთ, დიდი ლიახვის კიდეზედ, მცირე ქალაქი ქცხილვანი“ და ცხინვალს გაღმა აღმოსავლეთით - „მთა ტყიანი - მშხლებამდე“ (მსხლების მთა) ე.ი. კავკასიონის ქედის აქეთა და იქითა მხარე - მაღნარ-დვალეთი და ოსთა ქვეყანა.
ნიქოზელ მღვდელმთავარს ქვეყნის წინაშე უდიდესი მისია ჰქონდა დაკისრებული. ის იყო არა მარტო მაღალი იერარქიის ღვთისმსახური, არამედ ქვეყნის ერთიანობის საიმედო დამცველიც.
ნიქოზის ტაძარი
ეპარქიის სახელწოდების - „ნიქოზის“ წარმომავლობის შესახებ  განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ერთი ვერსიით სოფელს სახელი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით ან მიბაძვით დარქმევია: „არიან მრავალნი სახელნი ადგილთანი საბერძნეთიდან შემოღებული საქართველოსა შინა, ვითა ნიქოზი“.
ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა წარმართთა საკულტო ადგილზე „საგზებელსა თანა ცეცხლისასა“ ააგო და ტაძარში „გალობით, ფსალმუნებითა, სანთლებითა“ წრომიდან გადმოასვენებინა წმიდა პირველმოწამე რაჟდენის ნაწამები სხეული, საეპისკოპოზოსა მას ეკლესიასა, მისივე მეფისა ვახტანგის მიერ აშენებულსა“. წმიდა რაჟდენ პირველმოწამის უკანასკნელ განსასვენებლად ნიქოზის საკათედრო ტაძარი ითვლება.
ძირძველ ქართულ მოწა-წყალზე ვახტანგ გორგასლის ინიციატივით სამღვდელმთავრო კათედრის დაფუძნების შემდეგ, ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობა გაჩაღდა. დრო-ჟამის ყოვლისწამლეკავი მდინარების მიუხედავად, ამ კუთხეში ბოლო დრომდე მრავლად შემორჩა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის უბადლო შედევრები, მარტო „პატარა ქალაქ“ ცხინვალში ბოლო დრომდე თორმეტზე მეტიი ეკლესია იყო, თამარაშენში ხუთი და სხვ.
ნიქოზელის ძველ სამწყსოში - ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე - დღემდე არსებობს ძველი ქართული ქრისტიანული კერების ნაშთი. ისტორიული ვითარების გამო, ქართველური მოდგმის - დვალების - ძველი საცხოვრისი - დვალეთი ქართველთაგან დაცლილა, თუმცა, მაღრან-დვალეთსა და მის ჩრდილოეთით ქართულ ეკლესიათაგან შემორჩენილია ზრუგდონის ხეობაში მდინარე ხოზიტა მარიამის ანუ ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე სოფელ ნუზალის ეკლესია და სხვ. ნიქოზელი მღვდელმთავარნი ტრადიციულად ოსების ქრისტიანული საქმეების მეთვალყურეობის გარდა, „გამგენი იყვნენ ოვსეთი საეკლესიო და საერო საქმეებისა“. ჩრდილოეთიდან ჯერ საქართველოს მთიანეთში, შემდეგ ბარში მცირე ჯგუფებად ოსების ჩამოსახლება დვალეთის მხრიდან დაიწყო. არაბების შემოსევებმა მათი ლტოლვა კიდევ უფრო გააძლიერა. მოგვიანებით ისინი საქართველოში დარიალის კარით შემოდიოდნენ. სამღვდელოებასთან ერთად, ოსებს ზრუნვას არც ქართველი მეფე-დიდებულები აკლებდნენ. ნიქოზის „ტაძარს აქუნდა თავისი სასწავლებელი, სადაც ასწავლიდნენ ოვსთა შვილებს წერა-კითხვას ქართულ ენაზე. ამზადებდნენ დროის შესაფერისი სწავლით, ვისაც სურდა ეკლესიის მსახურება, იმათ მღვდელმოქმედებასა და საეკლესიო საქმეებში ოსურის ენით სწვრთნიდნენ, შემდეგომ სწავლისა და გამოცდისა ნიქოზელი აკურთხებდა და აჰნიშნავდა ამიერ და იმიერ ოსეთში სამსახურად“ (მღვ. პ.კარბელაშვილი). საქართველოს კეთილმეზობლური გავლენით, იმჟამად ოსების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა. მათი გაქრისტიანება მოციქულებმა საქართველოს გავლით დაიწყეს, შემდეგ კი ქართველები მუდამ ზრუნავდნენ მათზე. დღეისათვის კი სულ სხვა სურათია. მამულიდან აყრილი ქართველობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული, იქაური ძირძველი მკვიდრი მამულში, საკუთარ ნამოსახლარზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ბედავს. უძველეს ქართულ სალოცავთა დიდი ნაწილი დანგრეული ან მთლიანად განადგურებულია და ძველ საღვთისმსახურო კერებზე წირვა-ლოცვა აღარ აღესრულება. ბოლო დროს ამ მხარეში სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა ამ კუთხის მრავალ განსაცდელგამოვლილი მოსახელობისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
უძვლეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. როგორც საეკლესიო ტრადიციით არის ცნობილი, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმიდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმიდა ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1799 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმიდა ჯვარი დაიკარგა.
VI ს. შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტის ცნობით - „ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“.
ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნთსაცავები ჰქონდათ. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძალვრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო ყანჩაეთის მონასტერი. ყანჩაეთის კაბენის მონასტრიდან აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეების ოთხთავი და XVII საუკუნის ჟამგულანი. მდიდარი წიგნთასაცავი ჰქონდა ცხავატის მაცხოვრის ეკლესიას, რომელიც XX ს-ის 30-იან წლებში გაძარცვეს.
XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მრავალი გაჭირვების მიუხედავად, ნიქოზის ეპარქია ბოლო დრომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. მის დაქვემდებარებაში იყო წინწყაროსა და წილკნის გაუქმებულ კათედრათა სამწყსო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსოც გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავროს ტაძარს მიაწერეს.
1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიან ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წლის 5 აპრილს გახდა შესაძლებელი.
აქაური მღვდელმთავრის სამწყსო ტერიტორია ამჟამად მხოლოდ მდინარე ლიახვის აუზით შემოიფარგლება, თანაც ეპარქიის მნიშნვლოვან ნაწილზე მისი იურისდიქცია მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს.
ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მთავარეპისკოპოსი ისაია.
ეპისკოპოს იასიას სხვა პრობლემებთან ერთად ეპარქიაში მომრავლებული სხვადასხვა სექტის გააქტიურებაც აფიქრებს, რაც არაერთხელ აღნიშნა თავის ქადაგებაში - „მართლმადიდებელი სარწმუნოება საქართველოსთვის ხსნის ერთადერთი გზაა, რომლითაც მოვდიოდით ოდითგან. სწორედ ამ გზის დაკარგვამ გამოიწვია ქართველი ერის დაბნეულობა, რწმენის შელახვა, რელიგიის გარეშე ყოფნამ ქვეყანა დააყენა გადაგვარების გზაზე. მომრავლდა უამრავი სექტა და მიმართულება, რომელიც საშიში გახდა ქართველებისთვისაც. ის, რაც ქართველებში ვერ ამოგლიჯეს შანთებით, ამას ახლა სექტების მეშვეობით ახერხებენ.
ამიტომ დღეს ყველაზე მეტადაა საჭირო მართლმადიდებელი რწმენის განმტკიცება ხალხში. ღმერთი მოგვცემს ძალასა და უნარს, გადავლახოთ დაბრკოლებანი... ყველამ ვირწმუნოთ, რომ საქართველო განრწყინდება.
ამინ!“
რელიგიურ-ისტორიული გაზეთი „აღსავალი“ № 3, 2004 წ.
მოქმედი ეკლესიები:
  1. ნიქოზის ქრისტეს ამაღლების საკათედრო ტაძარი
  2. ახალგორის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია
  3. ავნევის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია
  4. ქურთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
  5. ლარგვისის თეოდორე ტირონის ეკლესია
მოქმედი მონასტერი:
  1. იკოთის ალექსი ბერის სახელობის დედათა მონასტერი

ნიკორწმინდის ეპარქია



ნიკორწმინდის ეპარქია

(ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი ელისე (ელდარ ჯოხაძე)
დაბ. - 1949 წ. ონის რაიონი, სოფ. შქმერი;
1885 - მღვდლად კურთხევა;
1985-1994 - მოძღვარი ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში;
1994-1996 - მოძღვარი ანჩისხატის, მეტეხის ეკლესიებში;
15.03.1996 - ბერად აღკვეცა;
17.03.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა;
2002 - ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი.

ნიკორწმინდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კუთხეს - რაჭას მოიცავს და მდინარე რიონის ზემო წელის აუზზეა განვრცობილი. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან - ქუთაის-გაენათისა და საჩხერე-ჭიათურის ეპარქიები, ჩრდილოეთი მიჯნა კავკასიონის ცენტრალური ქედს მიჰყვება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე.
თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში, რეგიონების მიხედვით, საეკლესიო დანაწილების მხრივ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ერთი ეპარქიის იურისდიქცია და საზღვრები ვრცელდება მხოლოდ ერთ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კუთხეზე. ისტორიული კუთხე - რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეორგაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა. ასე იყო ადრიდანვე, XIV ს-დან, რაჭის ერთ მსხვილ საეკლესიო იურიდულ ერთეულად, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეპარქიად ჩამოყალიბებისთანავე.
ეს რეგიონი სახელდების მხრივაც ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც წესი, ახლადდაარსებულ ეპარქიას სახელი ძირითადად ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილმდებარეობის მიხედვით ეძლეოდა.
ამ შემთხვევაში კი ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმ. ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა, ხოლო რაჭის სახელწოდების წარმოშობის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ისტორიულ და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების შესაბამისად, რაჭას სამ ნაწილად ყოფენ: ქვემო რაჭა, ზემო რაჭა და მთა რაჭა. ქვემო და ზემო რაჭის საზღვრად მიჩნეულია ხიდიკარი. ისტორიულად ზემო რაჭა ხიდიკარიდან ზემოთ მდ. ლუხუნის, რიონის ზემო წელისა და ჯეჯორას აუზებს მოიცავდა. წლების მანძილზე ჯეჯორას ხეობა - ისტორიული წონა და კუდარო, საქართველოს უსაფუძვლო, არასამართლებრივი ადმინისტრაციული დაყოფის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
უწერის ზემოთ „ჭიდროთაგან“ (ადრე „იწროთასაც“ უწოდებდნენ) ტერიტორიას მთის რაჭა ეწოდება.
გარკვეულ დროს, ზემო რაჭის მთის ეს რეგიონი - მთის რაჭა - არ შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქიის შემადგენლობაში და იგი მეზობელ ნიქოზის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ისტორიულიად კი „მთის რაჭა რაჭის საერისთავოს მიეკუთვნებოდა და ამ საერისთავოს არანაკლები ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება-დაწინაურებაში. ამას მოწმობენ მთელ რაჭაში მიმოფანტული ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები.
ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი
რაც შეეხება ნიკორწმინდის ეპარქიას, იგი იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბაგრატი სამეფოს გაერთიანებისათვის თავგასულ მთავრებთან ბრძოლაში მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებას ცდილობდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისათვის მეფემ ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამოდენიმე სამწყსოდ დაჰყო და მის ბაზაზე დააარსა გელათის და შემდეგ ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები. მის მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე თავის მომხრე ფეოდალების დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოს თითქმის ხუთ კათედრაზე უმაღლეს იერარქებად ერთდროულად ერთი და იგივე გვარის წარმომადგელები, სახელდობრ, ჩხეტიძეები არიან. ბაგრატს მანამდე არსებული, მართალია, უკვე დაკნინებული, ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია და პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია.
მართალია, ნიკორწმინდის ეპარქია, რომელიც დაარსებიდანვე მოიცავდა რაჭას, ბაგრატ III დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ქრისტიანობის დამკვიდრებას რაჭაში მანამდეც გაცილებით დიდი ხნის ისტორია ჰქონდა.
უპირველესი ქართულენოვანი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ანდრია პირველწოდებულს მესამე შემოსვლისას სვიმონ კანანელთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მხარე მოუვლია, მათ შორის მდ. რიონის ხეობაც.
ამდენად, რაჭაში ქრისტიანობის ქადაგება, შესაძლოა, წმიდა მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს და მატათას დავუკავშიროთ, ხოლო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრება წმინდა მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას. ქრისტიანობის შემოსვლაც აღმოსავლეთიდან, ქართლიდან (მცხეთიდან) არის მიჩნეული, არა მარტო რაჭაში, არამედ მის მეზობელ ლეჩხუმშიც... ნიკორწმინდის ეპარქიის დაარსებისთანავე, XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან (1534 წ.) იგი იმერეთის საკათალიკოსოს ექვემდებარება (მაგ. იმერეთის კათოლიკოსი ბესარიონი (XVIII ს.) ასე იხსენიება: ლიხთიმერთა, სვანთ, ოსთ, დვალთა და სრულიად ჩრდილოეთისა საჭეთმპყრობელი კათოლიკოზ-პატრიარქი...). დროის ცვალებადობის კვალად იმერეთის სამეფოს ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერება-დამცრობის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ეპარქიათა რიცხვი იზრდება ან მცირდება (25 ეპარიიდან 4 ეპარქიამდე).
ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დას. საქართველოში 1821 წლამდე) არსებობდა. 1801 წ. ქართლ-კახეთის, 1810 წ. კი იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. 1811 წ. აღმოსავლეთ საქართველოში, 1814 წ. დასავლეთ საქართველოში რუსეთმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელი მმართველობა - ავტოკეფალია გააუქმა და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად ეგზარქოსის ინსტიტუტი დააარსა. საქართველოს ეკლესიის საქმეს რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული რუსი ეგზარქოსი განაგებდა. 1815 წ. ეგზარქოსთან დაარსდა „საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა“, რომელსაც საეგზარქოსოს ეპისკოპოსები ექვემდებარებოდნენ. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი 1819-21 წლების ცნობილი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა - ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის - აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ იმერეთი ერთ ეპარქიად გაერთიანდა. აჯანყების ორგანიზატორებად ეჭვმიტანილი დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი საქართველოს განაშორეს.
იმერეთის სამეფოს აჯანყება ყველაზე დიდი მასშტაბით რაჭაში გამოვლინდა. ფაქტობრივად, აჯანყებულებმა ხელისუფლება ხელში აიღეს და რუსის ჯარის ყველა ნაწილი, რომელიც ამ ოლქში იყო, ალყაშემორტმული და მოწყვეტილი აღმოჩნდა გარე სამყაროსგან. აჯანყებულები რაჭაში ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ატარებდნენ დიდი მასშტაბის შეკრებებს, სადაც ფიცს დებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ თავისუფლებისათვის.
...1820 წ. 21 მაისს კვარა ციხესთან და მისი მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე გამართული ბოლო ბრძოლების შემდეგ აჯანყება უმკაცრესად ჩაახშვეს, ამბოხებულთა სოფლები გადაწვეს და დაანგრიეს...
მდგომარეობა თითქოს დამშვიდდა და რუსეთის ეკლესიის მაღალჩინოსნები თავის დაქვემდებარებაში გადასულ ტერიტორიათა მოსანახულებლად და აღსაწერად რაჭასაც მიადგნენ. მაღალმთიან სოფელ წედისში სტუმრობისას, რომლის წიაღისეულით სიმდიდრის შესახებ ადრევე აცნობიერებდნენ რუს მოხელეებს დოსითეოზ და ექვთიმე მღვდელმთავრები, რუსმა სამღვდელოებმა მანამდე არგაგონილიდა ქრისტიანისთვის წარმოუსდგენლად მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს: როგორც წესი, სოფელში ისინი მღვდელმსახურებთან სტუმრობდნენ. სოფელ წედისში ერთი გვარის ხალხი - მაისურაძეები ცხოვრობდნენ. სხვათაგან გამოსარჩევად ღვთისმსახურ მაისურაძეებს „ხუციანთებს“ უწოდებდნენ. დანაყრებულმა და შემთვრალმა რუსმა ღვთისმსახურებმა მასპინძელთა ოჯახის დიასახლისების შეურაცხყოფა მოინდომეს, რის გამოც სოფლიდან პანღურისკვრით გამოყარეს... მცირე ხნის შემდეგ სოფელს რუსის დამსჯელი ჯარი მოადგა განსაკუთრებული მისიით - აეწიოკებინათ სოფელი და კასტრირება ჩაეტარებინათ „ხუციანთა“ მამაკაცებისათვის... ვინც ამ სადისტურ სასჯელს გადარჩა, გაქცევით უშველა თავს. ხუციანთების ლტოლვილი მაისურაძეები ზემო და ქვემო რაჭის სოფლებში - ჩორდში, ფსორში, ცხრომში, ურავში და სხვაგან გაიფანტნენ...
1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებული ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, კათედრის ცენტრით ქუთაისში. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, სოფრომს (წულუკიძეს), მანამდე ნიკორწმინდის ეპისკოპოსს მიანდვეს. სოფრომს რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. აღდგა ნიკორწმინდის ეპარქიაც. გასაგები მიზეზების გამო XX ს. 20-70 წწ. ეპარქია ფაქტობრივად მღვდელმთავრის გარეშე იყო, კათედრა შეთავსებული ჰქონდა ხან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხან მეზობელ ეპარქიათა მღვდელმთავრებს. ამჟამად სამღვდელმთავროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ელისე ჯოხაძე მწყემსმთავრობს.
გაზეთი „აღსავალი“ №2, 2004 წ.

ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია



ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია

(ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო)

მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი)
დაბ. 1959 წ. 13 აპრილს;
1982-1985 - ხარკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი;
1990 - მოსკოვის სასულიერო სემინარია;
1988 წ. 13 აპრილს - ბერად აღკვეცა;
1988 - დიაკვნად კურთხევა;
1988 - მღვდლად კურთხევა;
1990 - არქიმანდრიტი;
1992 წ. 27 დეკემბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1992-1997 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
1995 წ. 25 დეკემბერი - მთავარეპისკოპოსი;
2000 - ნეკრესელი მიტროპოლიტი;
1995-2002 - საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი.

ნეკრესის მონასტერი
ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის გაღმა მხარეს მოიცავს. იგი ქალაქებს: ყვარელს, ლაგოდეხს მიმდებარე ტერიტორიებით, და ნომინალურად ძირძველ ქართულ პროვინციას ჰერეთს აერთიანებს. ეპარქიას ჩრდილო დასავლეთით ესაზღვრება ალავერდის, დასავლეთიდან საგარეჯოს და გურჯაანის, სამხრეთიდან ბოდბის ეპარქიები, აღმოსავლეთის საზღვარი კი აზერბაიჯანთან და დაღესტანთან გადის.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე ეს მხარეც გაქრისტიანდა და უკვე IV ს-ის II ნახევარში თრდატ მეფემ „ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღაშენა განსრულებით“, რომელიც საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან ერთ-ერთ უძველეს ტაძრად ითვლება. მეფე ვახტანგ გორგალის დროს ჩამოყალიბდა ნეკრესის ეპარქია, რომლის სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ გავრცობილი, ხოლო მისი მღვდელმთავარი იყო „ეპისკოპოზ გაღმა-მხარისა დიდო თურქთ“. VI ს. II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი აბიბოსი განაგებდა ნეკრესის სამღვდელმთავროს.
XVI ს. II ნახევრიდან კახეთის სამეფოს ოთხი სადროშოდან მეორე სადროშოს წინამძღოლად ნეკრესელი მღვდელმთავარი ითვლებოდა. XVII ს. დასაწყისიდან შაჰ-აბაზ პირველმა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი კაკ-ენისელი ჩამოაშორა და აქ მუსლიმანური სასულთანო შექმნა. XVIII ს. პირველი მეოთხედიდან გაღმა მხარის მომძლავრებულმა ლეკებმა ამ მხარეში საბოლოო გაბატონება მოინდომეს. ამ კუთხიდან ქრისტიანი მოსახლეობის აყრისა და განადგურების შემდეგ ეს მხარე (საინგილო და მისი მიმდებარე ტერიტორიები) დროებით ჩამოსცილდა კახეთს.
ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ნეკრესის უძველესი ეპარქია კახეთში შექმნილ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გაერთიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით ნეკრესის ეპარქიას ნეკრესის და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ეპარქიას 1997 წლის ნოემბრიდან მართავს მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი.
ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ.
მოქმედი ეკლესია:
  1. ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი).
მონასტრები:
  1. ნეკრესის აბიბოს ნეკრესელის მამათა მონასტერი - იღუმენი იაკობი (მელაძე)
  2. გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერი - იღუმენი გაბრიელი (ჯამბაზიშვილი)
  3. ყვარლის დუბის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი (კეთილმოწესე - მორჩ. ლია კერესელიძე)
  4. ლაგოდეხის წმ. დიდმოწამე ბარბარეს დედათა მონასტერი (კეთილმოწესე - მორჩ. ლინა ლეთოდიანი)
სასულიერო განათლების კერები:
  • ყვარლის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია.
    ყვარელი, 4800; ცოტნე დადიანის 17.
    რექტორი - მიტროპოლიტი სერგი
    პრორექტორი - მერაბ კოკორაშვილი

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია



მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

(ქ. მესტია და მესტიის რაიონი)

ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი)
დაბ. - 22.11.1957, ხაშური
თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი
04.11.1998 - დიაკონი
15.02.1999 - მღვდლად კურთხევა
04.12.2000 - ბერად აღკვეცა
04.12.2001 - იღუმენი
03.11.2002 - მესტია-სვანეთის ეპისკოპოსი

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში, იმავე თავისუფალ სვანეთში მდებარეობს. ეპარქია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს შეფენილ მესტიის რაიონსა (ყოფილი სეტი) და მის შემოგარენს - მდინარეების ენგურისა და ცხენისწყალის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წყლის აუზს, ე.წ. აფხაზეთის სვანეთს მოიცავს. მესტიისა და ზემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დასავლეთით - ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთით ზუგდიდ-ცაიშისა, და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდილოეთით - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთია, რომელიც ეპარქიის ტერიტორიას მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყარჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქთან. ისტორიულად სვანეთის შემადგენლობაში საზღვრის გადაღმა, ჩრდილო კავკასიის მდინარეებს - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობებში მდებარე საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც შედიოდა.
ლატალის ეკლესია
სვანეთი, როგორც ძირძველი ქართული პროვინცია, მუდამ ქვეყნის მთლიანობის მტკიცე დასაყრდენად და ერთიანი საქართველოს შემანდგელობაში მოიაზრებოდა. სვანების სამეტყველო ენა კი ქართული ფუძეენის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. იგი ქართულთან და ზანურთა (მეგრულ-ჭანური) ერთად იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.
წერილობით წყაროთა უწყებით, წმიდა მოციქულებს ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას ამ მხარეშიც უმოღვაწიათ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო, ამ მხარეში, მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. სწორედ ამის გამოც დღეს ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. ამ მხარის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა. ზოგან მათი რიცხვი სამ ათეულსაც კი აღემატება. მიუხედავად ამისა, ზემო სვანეთში ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტაძრის ტრაპეზია ნაკურთხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვცრობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ა) ცაგერისა და ქვემო სვანეთისა. ბ) მესტიისა და ზემო სვანეთისა.
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიამანდრიტი ილარიონ ქიტიაშვილი.

მარგვეთის ეპარქია


მარგვეთის ეპარქია
მარგვეთისა და უბისის ეპარქია ზემო იმერეთში ისტორიული არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს მოიცავს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის რაიონებზე. მარგევთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათის, სამხრეთიდან ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიები.
ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას საეკლესიო ტრადიცია მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირებს. ამ კუთხეში ქრისტიანობის ადრიდანვე მტკიცედ გავრცელების მიმანიშნებელია დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტიანული ძეგლები: V-VI საუკუნეების „კაცხის სვეტის“ ეკლესია, უდერბის წმიდა გიორგის ეკლესია, VI-VII საუკუნეების ტაბაკინის წმიდა გიორგის მონასტერი და სხვა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მძალვრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლება. ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები: „ვაკე, არგუეთი და თაკუერი“ კვლავ მცხეთის საყდრის იურისდიქციას მიეკუთვნება. უძველესი ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანეს კერაზე ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთავოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელთმთავარი - მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება მხოლოდ 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიხში არგვეთი მე-9 ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს არგვეთის სამღვრელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო.
2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით მარგვეთის ეპარქიას შეეცვალა სახელი და ეწოდა მარგვეთისა და უბისის ეპარქია. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა მთავარეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი.

მანგლისისა და წალკის ეპარქია.



მანგლისისა და წალკის ეპარქია

(ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები)

მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ჯაფარიძე)
დაბ. - 20.08.1949. ტყიბული;
1974 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1980 - მცხეთის სემინარია;
14.02.1979 - ბერად აღკვეცა;
09.05.1979 - დიაკონი;
27.09.1979 - მღვდელი;
70.03.1981 - არქიმანდრიტი;
15.03.1981 - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი;
29.06.1981 - მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი;
1983-1992 - ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი;
1988-1992 - საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე;
1990-1992 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
1992-1996 - მანგლისის ეპისკოპოსი; 1996 - მთავარეპისკოპოსი;
2002 - მიტროპოლიტი მანგლისისა და წალკისა;
1999 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი;
2001 - გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
2002 - თეოლოგიის კათედრის გამგე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;
2003 წ. 11 აპრილი - პროფესორი;
2005 - რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი;
2005 - ქართული ენის დიალექტიკის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

მანგლისისა და წალკის ეპარქია ქრისტიანული საქართველოს უძველესი სამღვდელმთავრო სამწყსოა. ეპარქიის შემადგენლობაში შედის მანგლისის, თეთრიწყაროს (ძვ. გარისი), წალკის (ძვ. ეძინი) რაიონები. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, დასავლეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის, ჩრდილოეთიდან სამთავისის და გორის, სამხრეთიდან ბოლნისისა და დმანისის, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიები. ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ ეპარქიათაგან მანგლისი მეოთხე სამღვდელმთავროდ იხსენიება. იგი 12 ეპარქიას შორის ახიზის, ერუშეთისა და წუნდის შემდეგ სახელდება, რაც მისი დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. საეკლესიო კუთხით მანგლისის დაწინაურებას საკათედრო ტაძრის აგება და იქ დაცული უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები განაპირობებდა.
მანგლისის საკათედრო ტაძარი
ეპარქიის საკათედრო ტაძარი VI ს-ში იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ მცხეთის ჯვართან ერთად სახელდება და მის მოსალოცად საქართველოს საზღვრებს გარედან, კერძოდ, სომხეთიდანაც დადიოდნენ.
ამჟამად ეპარქია მანგლისის ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოსთან ერთად წალკის კათედრის ტერიტორიასაც აერთიანებს. ვახუშტის ცნობით, მდინარე ქციის კიდეზე „არს ეკლესია გუმბათოვანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა“. თუმცა წალკის განქალაქება და მისი სახელობის საეპისკოპოსო კათედრის ჩამოყალიბება მოგვიანებით მოხდა.
ეპარქიაში ბევრ თავდადებულ და გამოჩენილ პიროვნებას უღვაწია. მრავალთაგან დიდგორის ომის - „ძლევაჲ საკვირველის“ გმირთა გახსენებაც კმარა, ასევე თეოდორე მღვდლისა, რომელიც „არა იქმნა განმცემელი მეფისა და ქვეყანისა... ამისთვის მოჰკუეთეს თავი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა“. საქართველოს ეკლესიის წმინდანია XVIII ს-ში მოღვაწე მანგლელი მღვდელმთავარი იოანე.
1917 წ. სექტემბერში აღდგა უძველესი და მრავალგანსაცდელგამოვლილი სამღვდელმთავრო კათედრა. მანგლისისა და წალკის საეპისკოპოსი ორ ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოს - მანგლისსა და წალკას აერთიანებს, და ორივე მათგანის ტერიტორიას მოიცავს.
ქვეყნის ძნელბედობის ჟამს უძველეს ქართულ საქრისტიანო კუთხეში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩაასახლეს. ეს მხარე დიდი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია.
1992 წლიდან მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.
მოქმედი ეკლესიები:
  1. წალკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (მღვდელი ავთანდილ გულაშვილი)
  2. წალკის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია (მღვდელმონაზონი მოსე)
  3. ავრანლოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (მღვდელმონაზონი მირიანი)
  4. თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია (მღვდელი გაბრიელ მურვანიძე)
  5. ასურეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია (მღვდელი ავთანდილ დევსურაშვილი)
  6. კოდის წმ. ნინოს ეკლესია (მღვდელი გიორგი ბაღიაური)
  7. მანგლისის მიძინების ეკლესია (დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი)
  8. ახალსოფლის წმ. გიორგის ეკლესია (მღვდელი სამოელ ზვიადაური)
მონასტრები:
  1. ოლიანგის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი (არიქმანდრიტი დოროთე)
  2. ოლიანგის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი (არქიმანდრიტი დოროთე)
  3. წალკის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (მონაზონი მარიონელა)

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია



თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

(ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი თადეოზი (მირიან იორამაშვილი)
დაბ. 1946 - გორი, ფლავი;
1977 - მღვდელი;
1979 - წილკნის ეპისკოპოსი;
1982 - აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი;
1984 - მანგლელი მთავარეპისკოპოსი;
1993-1995 - ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი;
1995-2003 - ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი;
2003 - ბოლნისის მთავარეპისკოპოსი;
2005 - ფშავ-ხევსურეთისა მთავარეპისკოპოსი.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან - ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - მცხეთა-თბილისის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.
ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი „მთეულნი“ ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურესი სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა „ერწუ“ ანუ „ერწო“. ერწოს ზემოთ იორზე იყო „თიანეთი“, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო „ფხოეთი“. ფხოეთი, იგივე ფხოვი, XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე - ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით - „ფხოვზე“) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე „ჟალეთის ქვეყნის“ სახელით იყო ცნობილი).
ჭავჭავაძეების საგვარეულო ეკლესია ყვარელში
თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმიდა მეფე მირიანისა რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ. ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ „მოეწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანაჲ მათი და გარდავიდეს თუშეთს“, ხოლო ერწო-თიანელებზე უწყებულია, რომ „მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო“. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: „ესე არს მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“, და ცოტა მოგვიანებით წმიდა მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: „რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან“. აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმიდა დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „ჟალეთი“, იგივე „ბერ“ ანუ ჩელეთიაო. ჟალეთს „გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა. მოგვიანებით, ჟალეთის დამცრობის შემდეგ, როდესაც იგი მხოლოდ „ჟალეთის ქვეყნის“ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელთმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას  დაქვემდებარებია.
ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა.
ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო.
XIX ს. დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა.
1917 წელს ავტოკეფალსიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს „მთეულთ“ - მთიულეთს, გადამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვ.
2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა და ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება - „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის“ - არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული „ჟალეთის“, შემდეგ კი ძველი „ხარჭაშოს“ ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი „ხარჭაშნელად“ იწოდებოდა).
წმიდა სინოდის განჩინებით და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთვარად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმიდის ეპარქიის აჩხოტის და წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიისა.

ვანისა და ბაღდათის ეპარქია



ვანისა და ბაღდათის ეპარქია

(ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები)

მთავარეპისკოპოსი ანტონი (მარკოზ ბულუხია)
დაბ. 07.05.1956. ქობულეთი, ოჩხამური
1976-1982 - მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი
1980-1982 - მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი
1987-1990 - მცხეთის სასულიერო სემინარია
16.03.1989 - დიაკონი
26.04.1989 - მღვდლად კურთხევა
1995 - დეკანოზი
25.10.1996 - ბერად აღკვეცა
26.10.1996 - არქიმანდრიტი
11.11.1996 - ეპისკოპოსად კურთხევა
1999-2000 - მსჯვარდადებულებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
2004 - მთავარეპისკოპოსი

ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთისა და უბისის, დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები.
ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.
ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაისსა და გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.
1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.
ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე).
ვანის ოლქის მოქმედი ეკლესიები:
  1. ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძარი. წინამძღვრის მოადგილე - დეკანოზი პეტრე გიორგაძე
  2. გორას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია პაიკიძე
  3. ზეინდრის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იასონ შარიქაძე
  4. სოფ. ამაღლების ქრისტეს ამაღლების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლუკა ჭულუხიძე
  5. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ზურაბ ბიბიჩაძე
  6. ისრითის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე
  7. ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაქარია დვალიშვილი
  8. ტობანიერის იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი ნიკოლოზ კაცაძე
  9. ყუმურის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე გაბუნია.
ბაღდათის ოლქის მოქმედი ეკლესიები:
  1. ბაღდათის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი (არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)
  2. ზემო დიმის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იოანე ყურაშვილი
  3. საკრაულას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ გიორგობიანი
  4. ხანის 12 მოციქულის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბესარიონ მშვილდაძე
  5. წითელხევის ტაძრად მიყვანების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ბასილაძე
  6. როკითის ფერისცვალების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი იოაკიმე ისაკაძე
  7. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი მარკოზ დარჯანია
  8. ქვემო დიმის მთავარანგელოზთა ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გაბრიელ დარჯანია
  9. ქვემო დიმის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი დოსითეოზ შემაზაშვილი
  10. ობჩის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი დავით ბურჯანაძე
  11. ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - იღუმენი ისააკი (ფირცხალავა)
  12. ბაღდათის წმ. თამარ მეფის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზაბულონი (ნოდია)
  13. გოთიეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე)

მცხეთა-თბილისის ეპარქია


- (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა (მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II
Free Image Hosting at www.ImageShack.us
მცხეთა-თბილისის ეპარქია ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი-წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები. ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა. V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა. 375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე-ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება. ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ. ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა. თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო. ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება. XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“. თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა. ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12(25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი. 1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ
უწმინდესნი და უნეტარესნი:
კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);
ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);
ამბროსი ხელაია (1921-1927);
ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);
კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);
მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);
ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);
დავით დევდარიანი (1972-1977).
1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური).

რუის ურბნისის ეპარქია




ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის, რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდეგ დროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმიდა ნინოს უკავშირდება.
ძველი ქართული საისტორიო წყაროები (”მოქცევაი ქართლისაი”, ”წმიდა ნინოს ცხოვრება”, ლეონტი მროველი, ვახუშტი ბატონიშვილი). ურბნისის ძვ.წ. აღ. IV საუკუნის ბოლოს უკვე არსებულ ქალაქად თვლიან, კერძოდ, IXსაუკუნის წყარო ”მოქცევაი ქართლისაი”, რომელიც თავის მხრივ უძველეს, ჩვენამდე მოუღწეველ წყაროებს ეყრდნობა, ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში შემოსვლაზე თხრობის დროს იხსენებს ოთხ ქალაქს: ხარკინეს, კასპს, ურბნისსა და ოძრხეს. აქედან ორი, მემატიანეს ცნობით, ციხე-ქალაქია: ურბნისი და ოძრხე, ხოლო ორს - სარკინესსა და კასპს აქვს თავისი მფარავი ციხეები: ციხე - დიდი და უფლისციხე.
არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც გაიშალა როგორც ურბნისის ტერიტორიაზე, ისე მის მიდამოებში ცხადყო, რომ ეს ადგილები დასახლეული ყოფილა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ - ენეოლითის ხანაში (ძვ.წ. III ათასწლეული), კერძოდ ენეოლითური ძეგლები აღმოჩენილი იქნა ზღუდის შიგნით, მტკვრის პირად მდებარე ბორცვზე. ე.წ. ”ხიზანაანთ გორაზე”. ამავე პერიოდის ძეგლი გამოვლენილი იქნა ურბნისის აღმოსავლეთით ორიოდე კილომეტრზე - ”ქვაცხელებზე”. ამ ხანიდან მოყოლებული ურბნისის ტერიტორია უწყვეტად დასახლებული ჩანს და მათი შიდა ცხოვრებაც ქალაქური ხასიათისა გახლდათ.
”წმიდა ნინოს ცხოვრების” ცნობით ურბნისში მრავალრიცხოვანი მოსახლეობა სახლობდა IV საუკუნეში, რის შესახებაც ვკითხულობთ: ”აღიძრნეს ერნი, ძლიერნი და ურიცხონი სიმრავლითა, მით ქალაქით”. საყურადღებოა ამ მხრივ აგრეთვე XVI- XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის შარდენის ცნობა, რომელმაც 1672 წელს ინახულა ურბნისი. შარდენი აღნიშნავს, რომ მის დროს ურბნისი დანგრეული იყო და 2000 კომლიდან, რაც შეადგენდა ოდესღაც მის მოსახლეობას, 500 კომლიღა დარჩენილა.
მონათმფლობელობისა და ადრეფეოდალური პერიოდის საქართველოს ქალაქები შედგებოდა უბნებისაგან, ასეთი უბნები ჰქონია მცხეთას, ასეთივე უბნები, როგორც ჩანს ჰქონია ასევე ურბნისსაც. ურბნისის ერთ ურბნად ლეონტი მროველი ასახელებს ებრაელთა უბანს, სადაც მისივე ცნობით, ცხოვრობდა წმიდა ნინო ერთი თვის განმავლობაში, ამ უბანში ებრაელებს თავიანთი ბაგინი, ანუ სამლოცველო ჰქონიათ (”ბაგინი ჰურიათა”) ურბნისში ყოფნიდან ერთი თვის შემდეგ წმ. ნინო სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში. ამის შესახებ ”ქართლის ცხოვრებაში” წერია:
”რქუა მარიამ მაგდალინელსა იესო: წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა, სადაცა ჰქადაგებდეთ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა.
ხოლო წარმკითხველმან წმინდამან ნინო იუწყა ზეგარდამოსა ყოფად ესე და ითხოვა ღვთისაგან შეწევნა, მიჰყვა მდინარესა მას ურვეული გზისა სიფიცხისა მშიშარე მცხეთაგან და მივიდა ქალაქსა ურბნისს. მუნ იხილნა ერნი, რომელნი მსახურებდნენ ღვთად ქვათა ძელთა და ცეცხლთა, ამისთვის შეურვებული შევიდა უბანსა ურთიერთასა და ზრახვიდა მან ენითა ებრაულითა, სადა დაჰყო მან თთუე ერთი. შემდგომად აღიძრნენ ერნი ურბნისით ვაჭრობად ზორვად არმაზისა და ზადენისა, და წარვიდნენ მცხეთას, რომელთა წარყვა წმიდა ნინო და მისრულმან მცხეთას იხილნა საცთურნი და ცეცხლის მსახურება მათი”.
ურბნისი, რომ V საუკუნეში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრია საქართველოში, ამას მოწმობს, აქ ამ პერიოდში ტაძრის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. აი, რას გვეუბნება ურბნისის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: "მტკვრის კიდესა ზედა, არს ურბნისი. აღაშენა ქალაქი უფროს ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუსადმდე, ხოლო აწ არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახვისა, და რომელი ირწყის ლიახვთა მით. შემუსვრილი აღაშენა და განაახლა ჯ. დ. მეფემან ვახტანგ და შეამკო ხატი მისი წმიდის სტეფანე პირველმოწამისა მოზღუდა ქვიტკირითა" VI საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოში 33 საეპისკოპოსო ჩანს ურბნისის ჩათვლით. VI საუკუნის ბოლოს ურბნისის ეპარქიას მართავდა გაქრისტიანებული არაბი ამირა, რომელსაც მამაპაპეული სარწმუნოების დაგმობის შემდეგ ნეოფიტე ეწოდა.
ურბნისთან ერთად საეკლესიო ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუისიც: თვით სახელწოდება რუისი წარმოდგება სიტყვა "რუ"-დან. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქ. ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. ამდენად ურბნისიცა და რუისიც ადრეული ხანიდანვე თითქმის ერთ მთლიანობად მოიაზრებოდა და ამიტომაც ერთმანეთისგან გამიჯნული ურბნისისა და ცალკე რუისის საეპისკოპოსო კათედრის გამთლიანება და ერთ ეპარქიად ჩამოყალიბება ხდება მოგვიანებით.
რუისი მუდამ იყო მეფისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაყრდენი. აქ უძველესი დროიდან არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა, სადაც ღირსეული მამები მოღვაწეობდნენ, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ არჩილის მეფობის დროს (410-434 წწ), როცა საქართველოს მთავარეპისკოპოსი მობიდანი გახლდათ, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ნერგავდა არიოზის მწვალებლობას, ამასთან დაკავშირებით არჩილ მეფემ მოიწვია მღვდელმთავრები, სადაც დაიგმო მობიდანის მოღვაწეობა, როგორც ვიცით სწორედ ამ კრებას სხვა იერარქებთან ერთად რუისის ეპისკოპოსიც ესწრებოდა. შემდეგ კვლავ გვხვდება რუისის ეპისკოპოსი, ანუ მროველი "ეპისტოლეთა წიგნში", როგორც "მარუელი", 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის, რომელიც მეათე ადგილზეა დასახელებული. ეს იმის დასტურია, რომ რუისში უძველესი დროიდან იყო საეპისკოპოსო კათედრა, საეკლესიო ცხოვრება. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხტაშისკრამდე. აწყურის ეპარქიის გაუქმების შემდეგ (XVIIს.) კი, მროველის სამწყსო გაფართოვდა და საკმაო ტერიტორიას მოიცავდა, ამ ამბის შესახებ ასე იუწყება ვახუშტი ბატონიშვილი: "არს რუისის მთის ძირს დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, დიდი დიდშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისის ზეითის ქართლისა და ლიხ-ტაშისკრამდე და აწ ასევე მწყსის ხეობასა და სადგერს, ვინაიდან მაწყვერელი არღა რა არს".
ურბნისისა და რუისის ეპარქია, რომ საეკლესიო ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ამისი ნათელი დასტური გახლავთ აქ, ურბნისისა და რუისის სანახებში 1002-1003 წლებში წმ. მეფე დავით აღმაშენებლის თაოსნობით "დიდთა წყლულებათა კურნებად" მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რის შედეგადაც იწყება ახალი ეტაპი ერის სულიერ ცხოვრებაში. კერძოდ, ეკლესია განიწმინდა უგვანო მწყემსთაგან, წესისამებრ განიმართა საიდუმლოთა აღსრულება, დაძლეულ იქნა აგრეთვე სხვა დამაბრკოლებელი ნაკლოვანებები, რამაც ერი ზნეობრივად აღამაღლა და ფაქტობრივად მყარი საფუძველი შეუმზადა ერთიანი, მძლავრი, ქართული მართლმადიდებლური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
რუის-ურბნისის სანახებში გამართული "წმიდა" და "ღვთივშეკრებული" თავყრილობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სპეტაკ სხეულზე აღმოცენებული წყლულებისაგან განთავისუფლების გზაზე წარმოადგენდა დიდ, ენერგიულ და მტკიცე ნაბიჯს, რომელიც ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულ ქართველ ხალხს წინ დიდგორის "ბრძოლაი საკვირველს" უმზადებდა.
გადის რამდენიმე საუკუნე და ეს ისტორიული ეპარქია კვლავ მძლავრად განაგრძობს არსებობას. XVIII საუკუნეში ურბნისის მღველმთავარი კვლავ დიდ სამწყოს განაგებდა, ის ადრეც საკმაოდ პატივით სარგებლობდა, ხოლო XVIII საუკუნის შუა წლებში ურბნისში იჯდა ეპისკოპოსი - "მწყემსი" დიდის ლიახვისა და რომელი ირწყვის ლიახვთა მათ".
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეპარქია კვლავ იღებდა დახმარება-შეწირულობას. "ქართული სამართლის ძეგლებიდან" ვიგებთ, რომ კათალიკოს-პატრიარქს ბატონიშვილ დომენტის, მიწები მიუცია ურბნისისათვის: "არამედ უმწყსოდ ხეობა მისცა ურბნელ ეპისკოპოსსა სამწყსოს სიმცირისთვის კათოლიკოს პატრიარქმა ბატონიშვილმან დომენტიმ ოდეს მოაწია კონსტანტინეპოლიდამ ქართლს ქრისტეს აქეთ 1741".
ამის შემდეგ ურბნისისა და რუისის ეპარქიის შესახებ განსაკუთრებული ისტორიული მასალები აღარ მოგვეპოვება. მოგვიანებით, 1881 წელს ხდება ეპარქიის გაუქმებაც. ხოლო საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნების მიუხედავად, მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი  ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვიკი).
ერში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაიწყო ურბნისისა და რუისის ეპარქიაში ტაძარ-მონასტრების მშენებლობა და სულიერი ცხოვრების აღორძინება, რაც მთელი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესაც არანაკლები შემართებითა და რუდუნებით გრძელდება ეს პროცესი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარისა (მიტროპოლიტი იობი) და მისი სამწყსოს მიერ. ჯერ კიდევ VI საუკუნეში მოღვაწეობდა აქ მწ. მიქაელი ულუმბოში, წმ. პიროსი - ბრეთში, ხოლო წმ. თადეოზ სტეფანწმინდელმა საფუძველი ჩაუყარა ურბნისის საკათერო ტაძარს. შუა საუკუნეების ყინწვისის დიდებული მონასტერი, ურბნისი, რუისი, წრომი, იტრია თუ სხვა, აგრეთვე მიუვალ კლდეებში მრავლად ნაკვეთი გამოქვაბულები ცხადყოფენ, რომ ეპაქიაში ერთ დროს ბერ-მონაზვნური ცხოვრება ჰყვაოდა, აღარაფერს ვამბობთ იმ დიდ ამაგზე, რაც ქართულ ეკლესიას დაადგა წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა და ცნობილმა მემატიანემ "ქართლის ცხოვრების" თანაავტორმა მღვდელმთავარმა ლეონტი მროველმა. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა, რისი ცხადი დასტურიც გახლავთ ორივე საკათედრო ტაძრისა და აგრეთვე სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავების არსებობა, რის შესახებაც ცნობებს ისტორიული წყაროებითა და საბუთებით ვიგებთ.
თვითონ რუისში რამდენიმე ეკლესიაა ( კვირაცხოვლის, კვირიკეწმიდის, ღვტისმშობლის ორი), მათ შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფერისცვალების სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი საკათედრო ტაძარი თავისი კოშკ-სამრევლოთი და გალავნით, გადმოცემთ რუისის ტაძარი აუგია წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს (503 წ.). ამ ხნის ნაგებობას  დღემდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, უძველესი VIII-IX საუკუნეებს ეკუთვნის. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, ხოლო XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთ კარიბჭესთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ". საეპისკოპოსო კათედრას დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალიც: "ზრუნვა და საურავი ხელიყო ბურდუხან დედოფლისა".
თემურ-ლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ): "ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვლავ აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ იყოს". ეკლესიის სამხ. ფასადის წარწერაზე კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: "გალატოზთა ძედა ზედა მომგესა შალვას შეუნდევს ღმერთმან, ამინ".
ის, რომ რუისის საკათედრო ტაძარი აღუდგენია ალექსანდრე I-ს XV საუკუნეში, "ქართლის ცხოვრებიდანაც" ვიგებთ: "ხოლო მაშინ ვინაითგან დაემშვდნენ ყოველნი თვისნი ქუეყანანი, შემოიკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და ყოველნი დიდებული და წარჩინებულნი, ერისთავთ-ერისთავნი და განიზრახა მათ თანა აღშენებისათვის კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა და რომელთამე მოოხრებულთა ეკლესიებთა, რამეთუ ვინაითგან განმკვდრებულ იყვნენ მთავარნი, ვითარცა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანთა. ხოლო დაღათუ გამოსცვლიდიან და იყვნიან მორჩილებასა ქუეშე მეფეთასა, არამედ მონათესავეთავე აღიყვანიან პატივთა ზედა მათთა... ხოლო მთავართა ესმათ რა ბრძანება ესე მეფისა, განიხარეს ყოველთა და შეჰკუეთეს ყოველთა საბრძანებელთა თჳსთა, თჳნიერ სამეფოსა გამოსაღებისა, ყოველსა გლეხსა ერთსა კუამლი ზედა სამი კირმანაული, რომელი არს ექუსი შაური აწინდელი, და მოჰკრებდიან ამა წლითი წლად და ამით იწყო შენებანი მცხეთისა, რუისს ღვთაების ეკლესიისა და სუხათა ეკლესიათა... გარნამოეცაცა მას მშვდობა ღვთისაგან, ათხუთმეტსა წელსა და შეასრულმა განზრახუანი თვსნი".
XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის მეუღლეს. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზი და ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1820 წელს თებერვალში მიწისძვრამ ტაძარი ძლიერ დააძიანა, ამის გამო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 1936-1938 და 1950-1953 წლებში.
რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის საკათედრო ტაძარში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (წმ. დავით აღმაშენებლის მამა - 1072-1089 წწ) - "აქა ყოფასა შინა მეფისა თანა იყო გიორგი მთაწმინდელი, ხოლო ლიპარიტ მოითხოვა ძე ბაგრატ მეფისა გიორგი მეფედ. მოსცეს დიდებულთა აფხაზთა და აკურთხა რუისს მეფედ და მოუდგინა დაი ბაგრატ მეფისა გურანდუხტ მზრდელად".
რუისი წარმოადგენდა საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას, სადაც მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X სს), ცნობილი მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს), დიონისე ლარაძე (XVI ს), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წწ), იოანე გედევანიშვილი (1737-1821 წწ) და მრავალი სხვა ცნობილი პიროვნება.
არანაკლებ ისტორიული მოვლენებია დაკავშირებული ურბნისის კათედრალთანაც, რომლის აგებაც, როგორც უკვე ითქვა ათცამეტ სირიელ მამათაგანს - თათე სტეფანწმიდელს მიეწერება. ურბნისის სამნავიანი ბაზილიკა აკადენიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ ადრევე იყო დათარიღებული V-VI საუკუნეთა მიჯნით, რაც დაზუსტებულ იქნა მკვლევარების მიერ ჩრდილოეთ კედელზე არსებული წარწერის მეშვეობით.
ურბნისის ტაძარს მრავალი ცვლილება განუცდია, პირველი ზიანი როგორც ეტყობა ეკლესიამ განიცადა VIII საუკუნის 30-იან წლებში, მაშინ, როდესაც გამძვინვარებულმა არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ გადაწვა და დაარბია ქალაქი.
ტაძრის სამხრეთის კედელში ჩაყოლებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ამ დროს ტაძარი მეტად დაზიანებულა. ეს ასომთავრული წარწერა ქარაგმების გახსნით შემდეგნაირად იკითხება: "უფალო ღმერთო, შეიწყალე თეოდორე ეპისკოპოზი, ძეი ლუკასი, მაშენებელი ამის სიონისაი, ოდეს ღმერთმან ღირს მყო ამის სიონის ეპისკოპოზად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროის ზომისა. ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქტცი (?) დამპალ იყუნეს და მოგმადლა ამას ყოვლისაი აღშენებაი, ყოველთა გაკეთებაი ძალთაი ღმრთისაითა, მეოხებითა ყოველი გათავებულ მიქმნია". წარწერას თარიღი არა აქვს, ხოლო პალეოგრაფიული ნიშნებით იგი X საუკუნით თარიღდება. ამდენად, VIII საუკუნეში არაბების მიერ დაზიანებული და შემდეგ, ორი საუკუნის მანძილზე უყურადღებოდ დატოვებული ურბნისის ეკლესია X საუკუნეში აღუდგენია ურბნელ ეპისკოპოსს, თეოდორეს.
მურვან-ყრუს მიერ დანგრეული ქალაქი აღარ აღორძინებულა, როგორც ჩანს საამისო პირობები მას აღარ ჰქონია. ქალაქობის პერიოდში ურბნისი საეკლესიო სოფელს წარმოადგენდა, მისი მცხოვრებლები ურბნისის ეკლესიის ყმები იყვნენ და ფეოდალურ გამოსაღებებს უხდიდნენ მას.
საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანიდან (XV-XVIII სს) შემონახულია საბუთები, რომლებიც მოწმობენ, რომ ქართლის მეფეები, როცა კი მშვიდობა იყო, ზრუნავდნენ ურბნისის საეპისკოპოსოს შემწეობაზე, მისი ტაძრის შეკეთება-აღდგენაზე, მისთვის სხვადასხვა შესაწირავის მირთმევაზე.
როგორც ჩანს, XIII-XVI საუკუნეთა დაუდგრომელ შემოსევა-რბევა-აოხრებით აღსავსე ხანაში, როცა ქართველი ხალხი გმირულად იცავდა თავის არსებობას და თავისუფლებას მონღოლთა, თემურ-ლენგის ურდოებისა და ბოლოს სპარსელ-ოსმალთა წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლებში, ურბნისის საეპისკოპოსო სავსებით მოიშალა, ქართლის მეფე სიმონ I (1556-1601 წწ) ზრუნავს მის აღდგენაზე, რასაც გვამცნობს მისი 1556 წლის სიგელი, სადაც აღნიშნულია: ”...ძველითგან მრავალჟამ დავიწყებული საეპისკოპოსო ურბნისი... მოშლილ იყო ჟამთა ვითარებისაგან და უღმრთოთა აგარიანთა ხელითა ტყუედ ქმნილ იყო განძი და გუჯარი მისი ძალითა შეწევნითა ღმრთისათა ხელ ვჰყავ და ვიწყეთ განახლებად ამისად”. მეფე უახლებს ურბნისის ტაძარს მამულების მფლობელობას. სიგელში აღნიშნული ”განახლება” გულისხმობს არა ეკლესიის განახლებას, ანუ შენობის შეკეთებას, არამედ - ”მოშლილი” საეპისკოპოსოს განახლებას.
1706 წელს ურბნისის ტაძრის გალავანი და სამრეკლო აუშენებია ვახტანგ VI-ს, რის შესახებაც გვამცნობს ურბნისის სამრეკლოს მხედრული წარწერა, ამ დროს სამწყსოს გაანაგებდა მეფის ნათესვი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ფალავანდიშვილი. ასევე ვახტანგმა ააგო გალავანი, პალატები, შეამკო ეკლესია, მოჭედა ხატები, უბოძა წიგნები. ვახუშტიც დასძენს, რომ ვახტანგმა ”შემუსვრილი აღაშენა და განაახლა” ურბნისის ტაძარი და ”მოზღუდა ქვითკირითა”
ვახტან VI-ს შემდეგ ურბნისის ეკლესიის გალავანი კვლავ ასაშენებელი გამხდარა: 1739 წელს აუშენებია გალავანი ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს რაზეც გვამცნოს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ნანახი და გამოცემული (ამჟამად დაკარგული) ქვაზე ამოჭრილი პატარა ლექსი.
აქ განვასრულე გალავანი ქორონიკონს უნ კან
ძენით (ე.ი. 1939 წ.)
ისმაიტელ ერთა მიერ ჩვენ ვიყვენით განუ-
სვენით
რაც დამცალდა კარგად ვამკობ, ამ მყოფი
ნუ მოიწყენთ
და შემდგომ ჩემსა ვინაც დამკვიდრდეთ, უბადრუკი
მომიხსენეთ
ამინ ურბნელი ნიკილოზი”.
ნიკოლოზ ხერხეულიძე რომ მართლაც განაგებს ამ დროისათვის ურბნისის კათედრალს, ვიგებთ ”ქართული სამართლის ძეგლებში” არსებული ისტორიული მასალით, სადაც შემონახულია ”წიგნი დომენტი კათალიკოზისა ავალიშვილისადმი ნიკოლოზ ურბნელისათვის სამწყსოს განწესების შესახებ”, რომელიც მიწერილია 1739 წლის მარტში.
ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.
XVI საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება.
საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძეთ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება.
XVIII საუკინეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.) რომელმაც (როგორც უკვე აღინიშნა) იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა, როგორც ირკვევა ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი.
ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს - ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერავს საგალობლები.
ურბნისის სიონი დღეისათვის ურბნისისა და რუისის ეპარქიის უძველესი საკათედრო ტაძარია, რომელიც ღვთის დიდი წყალობით, მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ, ამავე ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს გაიხსნა ურბნისის საკათედრო ტაძართან აგებული წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2002 წელს კი ურბნისში გაიხსნა საეპისკოპოსო რეზიდენციაც.