სამთავისისა და გორის ეპარქია(ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები)
ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა)
დაბ. - 24.04.1969. სოხუმი
1988 - სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი 1995 - ბერად აღკვეცა 17.09.1996 - დიაკონი 13.12.1996 - მღვდლად კურთხევა 1997 - იღუმენი 1997-1998 - წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი 18.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა 1998-2002 - საგარეჯოს ეპისკოპოსი 2002 - ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა სამთავის-გორის ტერიტორიაზე არსებული ქალაქების გორისა და კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრების ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშნველოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა. VIII ს. 30-იან წლებში ქალაქი კასპი მურვან ყრუმ დაარბია და აქ საბოლოოდ ჩაკვდა ცხოვრება. „იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მიერ განახლებულ-გაშენებულ, სამეფო ქალაქად მიჩნეულ გორს XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ბატონობისაგან დასუსტებულ ქვეყანა ვეღარ იცავდა და ჩრდილო კავკასიიდან შემოსეულ ოსთა სამკვიდრო გახდა. მათ ქალაქი გადაწვეს, ციხე დაანგრიეს და კარგა ხნითაც დამკვიდრდნენ აქ. ოსები მხოლოდ XIV ს-ის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ განდევნა.
ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა. საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, „...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი“ (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - „ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე“. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა „ქალაქსა სამთავისისასა“. სამთავისის ეპისკოპოსი იყო „მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა“. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა.
სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმიდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის მონიშნულ გზას აგრძელებდნენ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღამსკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით. უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო „სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემლისა“; არბას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: „დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი“. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება „ესტატეწმინდა“, დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი. უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა.
რელიგიურ-ისტორიული გაზეთი „აღსავალი“ № 6, 2004 წ.
|
ძიება ბლოგზე
Thursday, June 14, 2012
სამთავისისა და გორის ეპარქია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment